ქვეშეთი-კობის პროექტის განვითარება მაღალი ტემპით გრძელდება
10 სექტემბერი 2024„მაღალი ტემპით გრძელდება ქვეშეთი-კობის პროექტის განვითარება. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს გავჭერით 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის ძირითადი გვირაბი და დღეს უკვე გაჭრილია საევაკუაციო, ასევე 9 კმ-იანი, 6 მეტრი დიამეტრის გვირაბიც. მიმდინარებს საინჟინრო ქსელების, ელექტრო მომარაგების, შეტყობინების, უსაფრთხოების და სხვა აუცილებელი სისტემების მოწყობის ინტენსიური სამუშაოები. ასევე, კარგი პროგრესია მისასვლელი გზის მშენებლობის კუთხით, სადაც შენდება ტექნოლოგიურად უნიკალური დაბალანსებული კონსოლური ხიდი, რომლის მსგავსიც საქართველოში პირველად შენდება. ეს იქნება ყველაზე მაღალი ხიდი, რომლიც ბურჯების სიმაღლე 48 და 47 მეტრია. აქამდე ყველაზე მაღალი 42 მეტრის სიმაღლის ბურჯები ხაშურის შემოვლით გზაზე გვქონდა,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ განაცხადა.
ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც.
უკვე დასრულებულია სოფელი წკერეს სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის მთავარი გვირაბის და მისი პარალელური 9 კმ სიგრძისა და 6 მ დიამეტრის საევაკუაციო გვირაბის გაჭრა. ამჟამად მიმდინარეობს გვირაბებში საინჟინრო კომუნიკაციების, შეტყობინების, უსაფრთხოებისა და სხვა სისტემების მოწყობის სამუშაოები. ასევე, დასრულებულია 1500 მ-ის და 500 მ-ის სიგრძის ორი გვირაბის გაჭრისა და მოსახვის სამუშაოები. ინტენსიურად მიმდინარეობს დანარჩენი 2 გვირაბის გაჭრისა და ხუთივე ხიდის მშენებლობის სამუშაოები. პროექტის ყველაზე გრძელ - 435 მ-იან ხიდზე მალის ნაშენის მოწყობა, დანარჩენებზე - ბურჯებისა და ხიმინჯების მშენებლობა გრძელდება.
მინისტრის თქმით, მიუხედავად კარგი პროგრესისა, აუცილებელია სამუშაოების კიდევ უფრო გააქტიურება.
„გაჭრილია 1500 მეტრიანი გვირაბი, დასრულებულია მოსახვის სამუშაოები და იწყება საინჟინრო სისტემების მონტაჟი. დანარჩენ გვირაბებზე და ხიდებზე ინტენსიურად მიმდინარეობს მიწის და საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოები, დაწყებულია სამუშაოები გუდაურთან მისასვლელი ახალი 5 კმ-იანი გზის მშენებლობის მიმართულებითაც. ბუნებრივია, არის სხვადასხვა სახის გამოწვევები, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღევანდელი პროგრესი აუცილებლად საჭიროებს გაძლიერებას, მობილიზაციის და შესრულებული სამუშაოს მოცულობის გაზრდას, რაზეც ზედამხედველებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ კონტრაქტორ კომპანიასთან,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება.
პროექტი საქართველო მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.
ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.